ინტერვიუ B2P.GE – ის დამფუძნებელთან

ინტერვიუ B2P.GE – ის დამფუძნებელთან

‘’მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი ეძებს საკუთარ თავს, მაგრამ ბევრი ნაადრევად ნებდება. ჩემს ცხოვრებაში დადგა დრო, როდესაც მე ვთქვი: კმარა უმოქმედობა! კმარა ნაცრისფერი მასის წევრად ყოფნა! კმარა უიმედობა! და შეიქმნა პროექტი B2P.GE – იაზროვნე პოზიტიურად…’’

– ამ გულწრფელი სიტყვების ავტორი გიორგი მანასიანია, B2P.GE -ის, WeRent.GE-ის და WeSell.GE -ის დაფუძნებელი. ამობობს, რომ ყოველ დილას მადლიერებით იწყებს: ‘’მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ჯანმრთელი და ცოცხალი ვარ, ეს სრულიად საკმარისია კარგი განწყობის შექმნისთვის.’’

იგი წლებია თავდაუზოგავად მუშაობს საკუთარ თავზე და პარალელურად სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც თავის მხრივ ადამიანებს ეხმარება, მიაღწიონ წარმატებას ბიზნესში, კარიერაში, შემოსავლების ზრდაში და შეინარჩუნონ პოზიტიური განწყობა.

დღევანდელი ინტერვიუ არის მათთვის, ვისაც სურს დარწმუნდეს, რომ მიზანი მხოლოდ დაჟინებული და შეუწყვეტელი შრომით მიიღწევა, ნახავთ, რომ წარმატებას მხოლოდ მაშინ აქვს გემო, როცა იცი რომ ყველაფერს თავად მიაღწიე…იშრომე, არ დანებდი და შეძელი გუშინდელი ტკივილი, დღევანდელ სიძლიერედ გარდაგექმნა.

მაშ ასე, გეპატიჟებით მოგზაურობაში, რომელსაც ერთი ადამიანის წარმატების ისტორია ჰქვია, სადაც გიორგი თავისი ცხოვრების სირთულეების და წარმატებების შესახებ მოგვიყვება…

რა ეტაპები გამოიარეთ სანამ დღევანდელ დღემდე მოხვიდოდით?

ბავშვობიდან ძალიან რთული ცხოვრებისეული ეტაპები გავიარე, თუმცა კარგი პერიოდებიც იყო. მძიმე შრომას 13 წლიდან ვარ მიჩვეული, მაგრამ რადიკალური ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ დადგა, როდესაც უფალი იესო ქრისტე ვაღიარე ჩემს უფლად და მხსნელად. როცა საკუთარ თავში ჩახედვისას ძალას ვერ ვპოულობდი, საკმარისი იყო ჩემი მზერა და ყურადღება ზეცისკენ გადამეტანა და ვხდებოდი, რომ მისით ყველაფერს შევძლებდი.
მე დავაარსე და ვმართავ 3 ძირითად პროექტს WeRent.GE; WeSell.GE და B2P.GE თუმცა, სინამდვილეში ჩემს პროექტებს არ მოუტანიათ ჩემს ცხოვრებაში ან ჩემში ცვლილება, პირიქით, ჯერ მე შევიცვალე და შემდეგ დაიბადნენ ეს პროექტები. მე არ ვუარყოფ რომ ახლა უფრო წარმატებული ვარ ამ პროექტების შედეგად, თუმცა ჩემს პროექტებში თქვენ მე მხედავთ.

რას უკავშირდება მთავარი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში?

მთავარი ცვლილება, რამაც რადიკალურად და უკეთესობისკენ შეცვალა ჩემი ცხოვრება, ეს ჩემი მეუღლე და ორი შვილია. არ წარმომიდგენია მათ გარეშე ბედნიერება. ჩემი ოჯახი, ჩემი მოტივაციაა, რასაც ვქმნი და ვაკეთებ მათთვის არის და ჩემი ოჯახიც მხარს მიჭერს ჩემს მოღვაწეობებში.

თქვენთვის რა არის წარმატება და როგორ ფიქრობთ, როგორი პიროვნული თვისებებია საჭირო, რომ ადამიანმა შეძლოს წარმატების მიღწევა?

წარმატება ჩემთვის სხვისთვის დროულად გაწეული დახმარებაა. წარმატების მიღეწვისთვის კი მხოლოდ 1 თვისებაა საჭირო – თავდაუზოგავი შრომა, რისგანაც იბადება სხვა დანარჩენი თვისებები. ამასთან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ დასაწყისი ყოველთვის რთული იქნება და პირველი ნაბიჯების გადადგმისას ბევრჯერ შეგვხვდება იმედგაცრუება, ამიტომაც საჭიროა გამოვიმუშაოთ თვითმოტივაციის უნარი და ვიყოთ ისეთი ადამიანი, რომელიც სხვაში არ დაიწყებს მოტივაცის, ბედნიერების ან იმედის ძებნას. ეს ყველაფერი ჩვენშია და მნიშვნელოვანია ამის გაანალიზება.

ასევე, ადამიანებს, რომლებსაც სურთ წარმატებას მიაღწიონ უნდა აღიარონ, რომ ცხოვრებაში იმედგაცრუება ან წარუმატებლობა გარდაუვალია, მაგრამ თუ დანებდებიან ამით თავს უკეთ ვერ იგრძნობენ! წვიმის შემდეგ ყოველთვის ამოდის მზე და ბნელ ღამეს, მზის სხივები გაანათებს. ცივი ზამთრის შემდეგ, აუცილებლად მოვა თბილი გაზაფხული. ბუნებაც კი ამაზე ლაპარაკობს, საჭიროა დაკვირვება. ფრაზა, რომელსაც საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ ასე ჟღერს: ‘’შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად.’’

თქვენ ხართ ყველაზე პოზიტიური პროექტის ‘’B2P.GE – იაზროვნე პოზიტიურად’’ დამფუძნებელი, რამ განაპირობა თქვენი მოღვაწეობა ამ პროექტში?

B2P.GE უკვე 7 წელია არსებობს, დავიღალე იმის ყურებით, თუ რაოდენ დიდია იმედგაცრუება საზოგადოებაში, და რომ არცერთ საინფორმაციო წყაროში პოზიტიურს ვერ წააწყდებოდი, ტელევიზია, რადიო, ფეისბუქი და სრულიად მას მედია მხოლოდ ნეგატიურს ავრცელებს, და მე უარი ვთქვი ამაზე, დიახ, მე ვხდები, რომ არსებობს ცხოვრებაში ნეგატიური მომენტები, მაგრამ საჭირო იყო პოზიტიური აზროვნების დანერგვა საზოგადოებაში.

საკმაოდ ბევრი ადამიანი გყავთ დასაქმებული, რა კრიტერიუმებით არჩევთ ამ ადამიანებს და რას ურჩევდით მათ, ვისაც სურს გახდეთ გუნდის წევრი?

ჩემს გუნდში ყოველთვის არის ადგილი პატიოსანი, პოზიტიური და შრომის მოყვარე ადამიანისთვის.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ხართ საუკეთესო მაგალითი თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ ცხოვრებაში ბოლომდე და მივაღწიოთ დასახულ მიზანს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უკვე ხელი ჩაიქნიეს ან დიდია შანსი საბოლოოდ დაყარონ ფარ-ხმალი, თქვენ რა ტოპ 5 რჩევას მისცემდით მათ?

1. ცხოვრება ხშირად უსამართლოა, მაგრამ სამართლის დრო დადგება.

2. ურჩხულებთან ბრძოლაში, მთავარია თვითონ არ გახდე ურჩხული.

3. როდესაც ადამიანი წაქცევის შემდეგ დგება, ეს ფიზიკა არაა, ეს ხასიათია.

4. შენ დანებდი იმიტომ, რომ ადამიანებზე არ ზრუნავდი, მათზე ზრუნვით აღორძინდები.

5. ნუ დაელოდები ოვაციებს, მადლობებს ან დაფასებას ადამიანებისგან. გააკეთე სიკეთე უანგაროდ.

მადლობა ბატონ გიორგის საინტერესო ინტერვიუსთვის და იმ კეთილგაწყობისთვის, რომელიც ყოველთვის იგრძნობა მასთან მუშაობის დროს. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ვარ  B2P.GE -ის გუნდის წევრი და გიორგის სახით მყავს უფროსი, რომლისგანაც ყოველ დღე ბევრ რამეს ვსწავლობ.

ბევრ წარმატებას და ბედნიერებას ვისურვებ მას თავის ოჯახთან ერთად!

ავტორი: მარიამ შარიქაძე

დატოვე კომენტარი